სამხრეთ კაროლინაში აშშ-ის მეშვიდე ვიცე-პრეზიდენტის ძეგლი აიღეს. ჯონ კალჰუნის მონუმენტის დემონტაჟი, ქალაქ ჩარლსტონის საკრებულოს თანხმობით მოხდა. ინფორმაცია ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა.
ჯონ კალჰუნი სამხრეთ კაროლინაში დაიბადა, ის აშშ-ის ორი პრეზიდენტის დროს მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად. კალჰუნი ამერიკის სამხრეთ შტატებში მონათმფლობელობის პოლიტიკის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული ფიგურების ძეგლების საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.
აშშ-ის არა ერთ ქალაქსა და დასახლებაში დაიწყო აქციები, რომელთა მონაწილეებიც რასიზმსა და პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ. ამ დემონსტრაციების მონაწილეთა ნაწილმა ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს, მათ შორის იყო ქრისტეფორე კოლუმბის და ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტიც.
საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ისტორიული ძეგლების დაზიანება ათ წლიანი პატიმრობით დაისჯება.