სამხრეთ აზიაში სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთისა და ნეპალის სასაზღვრო რეგიონში წყალდიდობას და მის შედეგად გამოწვეულ მეწყერებს ებრძვიან.
მასშტაბური სტიქიის შედეგად, ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში კი სტიქია ექვს მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.
ყველაზე რთული ვითარება ნეპალშია, სადაც სტიქიას 78 ადამიანი შეეწირა. წყალდიდობამ და მეწყერმა დააზიანა მილიონობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, საავტომობილო გზები და ასობით შენობა. სტიქიას ებრძვიან პაკისტანსა და ბანგლადეშშიც.
სამხრეთ აზიის რეგიონში მძვინვარე სტიქიის გამო, ოთხივე ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ, ნეპალში კი მათ დახმარებას სამხედრო მოსამსახურეებიც უწევენ. ცალკეულ ადგილებში მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.