იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში დასრულდა რაგბის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები ხვდებოდნენ. ინგლისელებმა მეოთხედფინალში ავსტრალია 40:16 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ახალ ზელანდიას 19:7 მოუგეს. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, მათ ჯერ იაპონიას აჯობეს 26-3, შემდეგ კი უელსი დაამარცხეს 19-16.
ფინალური მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე ზუსტი საჯარიმო ვიხილეთ – 6:12 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.
მეორე ტაიმის პირველ ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა და გუნდები აქცენტს ისევ საჯარიმოების შესრულებაზე აკეთებდნენ. 65-ე წუთისთვის ანგარიში 12-18 იყო სამხრეთაფრიკელთა სასარგებლოდ, თუმცა 66-ეზე კვანძი გაიხსნა, როდესაც „ქურციკებმა“ სწრაფი შეტევა განახორციელეს და მაპიმპიმ ბურთი ინგლისელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ამას ზუსტი გარდასახვაც მოჰყვა და ანგარიში 12:25 გახდა აფრიკელების სასარგებლოდ.
74-ე წუთზე კი მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა, როდესაც კოლბემ ინდივიდუალური ოსტატობით გაჭრა ინგლისელთა დაცვა და მეორე ლელო დადო. ამას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე აგარიში 12:32 გახდა აფრიკელების სასარგებლოდ.
როგორც მოსალოდნელი იყო, დარჩენილ დროში ინგლისელებმა ვეღარაფერი გააწყვეს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ მაჩვენებლით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდა.