სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელდება. აღნიშნულ სიახლეს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სამხედრო მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. მათი ინფორმაციით, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭება და თანამდებობრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი კურსების გავლისა და თანამდებობრივი და წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდგომ, შერჩევის საბჭოს ჩართულობით, რომლის შესაძლებლობასაც მოკლებულია სხვა უწყება.
„შედეგად ვიღებთ ოფიცრებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ სათანადო დონის სამხედრო განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პირისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში იმსახუროს სამხედრო ქვედანაყოფებში ან რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლის მიხედვით, 2025 წლიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა, სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით“, – აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ, ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან აღნიშნული საქმიანობის შეთავსება აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურისთვის ზემოაღნიშნული წარმოადგენს დამატებით მნიშვნელოვან პრივილეგიას და ემსახურება მისი მოტივაციის ამაღლებას“, – ნათქვამია პროექტში.
ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, ცვლილებებით, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთ-ნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას, ვინაიდან, თავდაცვის უწყების განმარტებით, წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე.
„შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს, დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა). რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის. პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა: I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე ორი წლის ნაცვლად იქნება ერთი წელი;
სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; კაპიტნიდან მაიორამდე სამი წლის ნაცვლად იქნება ოთხი წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე ოთხი წლის ნაცვლად იქნება ხუთი წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
თავდაცვის უწყება სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ პირველი კლასის რიგითიდან კაპრალამდე სამხედრო წოდების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს კაპრალამდე და უმცროს სერჟანტამდე უფრო სწრაფ წოდებრივ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება.
„სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე წოდების მინიჭების ვადის ზრდა ხელს შეუწყობს სერჟანტთა შემადგენლობის წოდებრივი ზრდის ვადის დაბალანსებას (20 წელი). ამასთან, აღნიშნული ცვლილება თანხვედრაში მოვა თავდაცვის ძალებში სერჟანტების რაოდენობრივ მოთხოვნებთან. კერძოდ, დაბალი რანგის სერჟანტების მეტი რაოდენობის საჭიროებაა მაღალი რანგის სერჟანტებთან შედარებით.
ოფიცერთა შედარებით დაბალ წოდებაში მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის არსებული მცირე ვადები იწვევს ოფიცრის მაღალ წოდებამდე სწრაფად ზრდას. შესაბამისად, პირმა შეიძლება, ვერ მიიღოს სათანადო განათლება და გამოცდილება (საკარიერო კურსები; უცხო ენის კურსები და ა. შ.). ამასთან, წოდების მისანიჭებლად არსებული მცირე ვადა იწვევს მაღალი რანგის ოფიცერთა სიჭარბის წარმოქმნას სამინისტროში არსებულ საშტატო ნუსხებთან შედარებით. ამდენად, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, მაღალი წოდების საშტატო თანამდებობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება ოფიცერთა საკმარისი რაოდენობის დაწინაურება. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება (ბრიგადის გენერალი) შეიძლება, მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებას – სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიზანშეწონილია, იმსახუროს გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და აიმაღლოს ცოდნის დონე“, – განმარტავს მთავრობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ კარიერული იერარქიის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრა განსხვავებულად.
„რიგითთა შემადგენლობას საბრძოლო ქვედანაყოფებში უწევთ რთული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ამასთან, მათ არ უწევთ კარიერული დაწინაურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი ზღვრული ასაკი, ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვროს 45 წლით, რათა დროულად განხორციელდეს მათი როტაცია, ასევე გაჩნდეს მეტი მოტივაცია მაღალ წოდებაში დასაწინაურებლად. გაიზარდა მთავარი სერჟანტის ზღვრული ასაკი და, ნაცვლად 50 წლისა, განისაზღვრა 55 წლით. რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა წოდებრივ იერარქიაში მთავარი სერჟანტი წარმოადგენს ყველაზე მაღალი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მას მიღებული აქვს სათანადო განათლება (რაზედაც გაწეულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები) და გააჩნია მრავალმხრივი კარიერული გამოცდილება. შესაბამისად, უწყება დაინტერესებულია, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროით.
სამინისტროს სისტემაში სამედიცინო პერსონალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა, ზღვრული ასაკი გაუგრძელდება 55 წლამდე“, – ნათქვამია პროექტში.