სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი უწყებისგან სამსახურში აღდგენას მოითხოვს.
ოპტიმიზაციის პერიოდში გათავისუფლებული შოთა მათითაიშვილი ამბობს, რომ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციიდან 125 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მათითაიშვილის განცხადებით, მან სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და საქმე მოიგო.
“საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. სასამართლომ გაგვამართლა და თავდაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანების გაუქმება მოსთხოვა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს იურისტებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. რამდენიმე დღის წინ, 18 იანვარს, მეორე ინსტანციაში განაჩენი გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცით, თავდაცვის სამინისტრო ორივე ინსტანციის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვიგეთ პროცესები, ანუ დავამტკიცეთ, რომ უკანონოდ გაგვათავისუფლეს სამსახურებიდან. 125 ადამიანი ვართ მხოლოდ სამხედრო პოლიციიდან. მოვითხოვთ, რომ უწყებამ შეასრულოს სასამართლოების გადაწყვეტილება და აღგვადგინოს სამსახურში. მე პირადად, სამხედრო წოდებაც მაქვს, თუმცა სამხედრო პოლიციაში სამოქალაქო შტატზე ვიყავი. მთელი ცხოვრება საქართველოს ვემსახურებოდი და სხვაგან სამსახურს ვერც ვიშოვი. მინდა ჩემი უფლებები, რომელიც დაირღვა აღდგეს და სამსახურში დავბრუნდე”, – განაცხადა შოთა მათითაიშვილმა.