სამხედრო მოსამსახურეები შოვში სტიქიის სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთნენ
სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.
გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.