სამინისტროების რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს და მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები 81 მომხრე ხმით არც ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა.
საკანონმდებლო ორგანო 116 კანონპროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმდინარე კვირის ბოლომდე გადაუგზავნის, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს დაიწყებს.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.
კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეერწყა და მისი სახელწოდება იქნება – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო კი, გაუქმდა და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მიგრაციას შინაგან საქმეთა უწყება შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას კი, ჯანდაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყა. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა.