სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს #1TVSPORT
ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს. ცერემონია სიდნეის გარეუბან საზერლენდში, ოლსენის სამლოცველოში გაიმართა.
გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს ჟურნალისტმა და მძლეოსნობის მწვრთნელმა, ავსტრალიელმა მაიკ ჰარსტმა და 1980 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უზბეკმა ერკინ შაგაევმა.
ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის კით ჯარეტის კომპოზიციასთან ერთად ცერემონიის უშუალო დამსწრებმა „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით ორი ქართული სიმღერის ჩანაწერი „ზამთარია“ და „საქართველო ლამაზო“ მოისმინეს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანეევი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო (1968, 1972 და 1976), გასული საუკუნის 90-იან წლებში საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.
იგი მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.