სამგზავრო ბარათ მეტრომანს ახალი დიზაინი ექნება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკას მიეძღვნება
თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით სამგზავრო ბარათის – მეტრომანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
როგორც თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 26 მაისი, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს.
წელს გვინდა, ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლებოდეს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას მეტრომანის დიზაინზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„ცხადდება კონკურსი სამგზავრო ბარათის – მეტრომანის დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
მან მთავრობის სხდომაზე სამგზავრო ბარათიც წარადგინა.
„მგონი, ყველა ვსარგებლობთ ამ ბარათით და გვინდა, რომ მისი დიზაინი მთელი წლის განმავლობაში იყოს განსხვავებული, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან იქნება დაკავშირებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერი ასაკის მსურველს. კონკურსის მონაწილეებმა ესკიზი დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 10 საუკეთესო ნამუშევარს სპეციალური კომისია გამოავლენს. საბოლოო გადაწყვეტილება 5 მაისს მიიღება.
კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დიზაინის შექმნაში ბევრი მსურველი ჩაერთვება.