სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყება
სამგორის რაიონში არსებულ სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყება. ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, უკვე არსებობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
„იქ მცხოვრები ადამიანებისათვის ძალიან მძიმე პირობებია. არც გზა არსებობს, არც სანიაღვრე, არც მოასფალტება, გადათხრილი, გაუბედურებულია ტერიტორია. იქ მცხოვრები ადამიანები არიან მძიმე მდგომარეობაში. არაერთი მომართვა იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირობა დავდეთ, რომ პროექტს განვახორციელებდით და მოვაწესრიგებდით ყველაფერს. დღეს უკვე ვიწყებთ სამუშაოებს, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის, სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი, ახალი ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. ასევე, კორპუსების მიმდებარედ მოეწყობა ავტოსადგომი. საერთო ჯამში, 35 000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება.
„მთლიანად იქნება მოწესრიგებული ყველაფერი, ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქ მცხოვრები ადამიანებისათვის. ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მათთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ოთხი თვე დასჭირდება სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით ორი მილიონი ლარი იხარჯება ამ პროექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.