სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის.
მშენებარე ობიექტი თბილისის მერის მოადგილემ, კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, გოგი ჩიქოვანთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენს სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, – განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ამჟამად თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება. ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.