სამგორის რაიონში 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცა
თბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.
56-ვე ოჯახს ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„დღეს 56 ოჯახს გადავეცით სამგორის რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მათ მივეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ძალიან გაუხარდათ და ჩვენც, რა თქმა უნდა, მათთან ერთად გვიხარია. ამ პროგრამას ვაგრძელებთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ეს 2017 წლის ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დაახლოებით, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული, 300 მილიონის ქონება არის გადაცემული. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად დავეხმარებით, ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.