სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა.
მისი თქმით, გულედანი ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელია და გულდასაწყვეტია, რომ ბიზნესში მიდის.
„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში, ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა გულედანმა აღნიშნა, თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს.
„მაქვს შემოთავაზება, მონაწილეობა მივიღო ერთ-ერთ პროექტში, ამის შესახებ ჩავაყენე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საქმის კურსში, გავიარეთ კონსულტაციები და ალბათ მოკლე ხანში შევიცვლი სამუშაო ადგილს“, – განაცხადა გულედანმა.