სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი იქნება
სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი იქნება

თბილისში, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი იქნება. გამგებლობის კანდიდატი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.

კალაძემ კახა გულედანს საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„მინდა წარმოგიდგინოთ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი კახა გულედანი. მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ გამოწვევებს და მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც აქტუალურია და აწუხებს სამგორის მოსახლეობას. კანდიდატურა საკრებულოს დღესვე გადაეგზავნება და პროცედურულად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, ამის მიზეზი სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი იყო.

კახა გულედანი ზურაბ ალავიძის მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.