სამგორის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ პირველადი დასკვნით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად საშიში არ არის
სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის განცხადებით, თბილისის მერიის ლაბორატორიულმა სამსახურმა ლილოს დასახლებაში უკვე შეამოწმა ტერიტორია და პირველადი დასკვნით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად საშიში არ არის.
„პირველადი დასკვნით, კორპუსს საფრთხე არ ემუქრება და საცხოვრებლად სახიფათო არ არის. ერთ-ერთ მეზობელს აქვს კედელი დაზიანებული, თუმცა საცხოვრებლად უვარგისი არ არის. როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ სამუშაოებს, სავარაუდოდ, საღამოს შესაძლებლობა გვექნება, ადამიანები დავაბრუნოთ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში.
ევაკუირებულია კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად. ჩემი ინფორმაციით, მოქალაქე გარდაიცვალა გზაში, კლინიკაში მიყვანამდე. ჩვენ მის ოჯახთან გვაქვს უკვე კომუნიკაცია და გამგეობის მხრიდან სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებით ყურადღება მიექცევა“, – აღნიშნა სამგორის რაიონის გამგებელმა.
ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია შუახნის ქალი. აფეთქების შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.