უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერალმა, ალექსანდრე კიკნაძემ პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სიგელები გადასცა.
ბრიგადის დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადები, 45-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კიბერუსაფრთხოების ბიურო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, განათლების სარდლობა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდნენ.
სწავლების ჩატარებას მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის (VALIANT) წარმომადგენლები უჭერდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი კი, უწყებათშორისი კოორდინაცია და თავდაცვის ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება, ასევე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფების შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების მართვა და კონტროლის განხორციელება იყო.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.