სამეგრელოში წიწვოვნების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
სამეგრელოში წიწვოვნების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიწვოვანი​ სახეობის ხე-მცენარეების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდის ბაზარში, გასაყიდად გამოტანილი ნაძვების ადგილწარმოშობის დოკუმენტები გადაამოწმეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 4 პიროვნება უკანონოდ ახდენდა წიწვოვანი​ სახეობის ხე-მცენარეების რეალიზაციას.

„ამოღებულია კრიპტომერიის, ნაძვისა და სოჭის სახეობის 56 ძირი ხე-მცენარე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 6160 ლარი შეადგინა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ახორციელებენ“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.