ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად, 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ჯიბლაძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გახსნა.
საწარმოში წელიწადში 700- 1000 ტონაზე მეტი თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამამუშავებელ საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.