შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ ზესაშვილმა სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი.
„საჯიჯაოში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. განყოფილებაში დასაქმებული პოლიციელები ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს მოემსახურებიან.
შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამომავლოდაც გააგრძელებს.