სამეგრელოში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სამეგრელოში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. – განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი, 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.