სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს
სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.