სამეგრელოს პოლიციამ სენაკში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.