სამეგრელოს რეგიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.