სამეგრელოს პოლიციამ 3 715 აბი „სუბუტექსი“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორი პირი – 1978 წელს დაბადებული დ.კ. და 1970 წელს დაბადებული კ.თ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ორი პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს.
„დ.კ.-ის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 3715 აბი “სუბუტექსი”, ხოლო კ.თ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 2 აბი და აბის სამი ნატეხი, 2 პისტოლეტი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.