სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, მალხაზ თორიასთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება და გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.
„პანდემიის მეორე ტალღით შექმნილ საჭიროებებზე საპასუხოდ, გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც ამჟამად ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის დახმარებით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადავცემთ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ჩვენ ასევე, ანალოგიურ დახმარებებს გავწევთ გამყოფი ხაზის სხვა რეგიონებში, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. ჯამში, UNICEF-ის დახმარებით აღნიშნული კალათები გადაეცემა 1000-ზე მეტ ოჯახს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.