სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება სტაბილურია
მესტიის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა საკარანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. 12 – დღიანი კრანტინის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა ხაიშთან მდებარე გამშვებ პუნქტთან მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ და შესაბამის შემოწმებას გადიან.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, შეზღუდვების მიუხედავად, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ ჰქონიათ.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მესტიაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მესტიის მუნიციპალიტეტში 4 500-მდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.
მეორე დღეა, რაც დაბა მესტიასა და ლენჯერში კორონავირუსზე მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დაიწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 12 ჯგუფი მუშაობს. განმეორებით ტესტირება უტარდებათ იმ პირებსაც, ვისაც კარანტინის ვადა უკვე ამოეწურა.
დღეს ეპიდემიოლოგებმა 800-მდე ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.