სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ფოთის შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, დღეს ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს სტუმრობდა.
მოწერელია პუნქტებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და იქ მყოფ სამართალდამცავებსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გაესაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გამშვებ პუნქტებზე მობილიზებული თავდაცვის უწყებისა და პოლიციის წარმომადგენლები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ.
მოწერელიას შეფასებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საკონტროლო გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადრეულ ეტაპზევე ხდება საეჭვო სიმპტომების მქონე პირების იდენტიფიცირება და იზოლაცია.
„ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში ამჯერად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით ორი მოქალაქე იმყოფება. ფოთის ჰოსპიტალიც არის განკუთვნილი სწორედ ამ მიზნებისათვის და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ფოთის გამშვებ პუნქტებზე სულ ექვსი შემთხვევა იყო, როდესაც მოქალაქეებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ნაწილი გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწილი კი, თურქეთის საზღვრამდე გააცილეს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.