ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, ეს არის მამაკაცი, რომელსაც 17 აპრილს ჰქონდა საზღვრის კვეთა სომხეთიდან.
მისივე თქმით, ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.
„თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდით ზედამხედველობას და ის კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართა რუხის კლინიკას 14 მაისს. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაუდასტურდა კორონავირუსი“, – აცხადებს ნანა ოდიშარია.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, უკვე გამოვლენილია რამდენიმე კონტაქტი.
„ნაწილი კონტაქტების უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი გადაჰყავთ ახლა. მათ ჩაუტარდებათ პისიარ კვლევა. ამ ეტაპზე ოთხი კონტაქტი, ოჯახის წევრები უკვე გადაყვანილია კარანტინში, კიდევ ორს ამზადებენ. არიან მცირეწლოვნებიც. ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია. შიდა გადაზიდვებზე იყო თბილისში. მან უკვე დაასახელა ყველა კონტაქტი ფოთსა და თბილისში. თვითიზოლაციის შემდეგ იყო ფოთსა და თბილისში. ტესტირება აქამდე არ ჰქონდა ჩატარებული“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.