სამეგრელო-ზემო სვანეთში 25 პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 25 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. ყველა შემოწმებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია.
25 ტესტიდან რვა სამედიცინო პერსონალია. დანარჩენები კი „ცხელების ცენტრებსა“ და საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები არიან.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ზეგ უკვე ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს.
„უკვე ზეგიდან ჩვენ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, რადგან მივიღებთ ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს“,- ამბობს ლელა ქაჯაია.