სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ჩხოროწყუს პოლიციის დეტექტივი გაუპატიურების მუხლით დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის დეტექტივი ა. დ. დააკავა.
როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ ა. დ. 34 წლის მამაკაცზე გ. პ. – ზე გაუპატიურების მუხლით დააკავა.
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ჯუმბერ იზორიას თქმით, საქმეს პროკურატურა იძიებდა და შესაბამისად, ის არ იცნობს საქმის დეტალებს.
მისი თქმით, დაკავებული პოლიციელი ა. დ. კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. ჯუმბერ იზორია არ გამორიცხავს, რომ პოლიციელს და დაზარალებულს სამსახურებრივად ჰქონოდათ შეხების წერტილი.
დაზარალებულ გ. პ. – ს ბებია აცხადებს, რომ შვილიშვილმა ის სახლიდან გააგდო და ორი წელია მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. სხვა კითხვებს მან არ უპასუხა. რაც შეეხება ჩხოროწყუელებს, მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ ა. დ. უდანაშაულოა და რომ გამოძიება მის უდანაშაულობას დაადგენს.
პოლიციელი ა. დ. პროკურატურამ წუხელ დააკავა. მან ერთი კვირით ადრე დაწერა განცხადება პოლიციიდან წასვლის შესახებ ოჯახური მიზეზების გამო. ის 13 წელი მუშაობდა შსს ჩხოროწყუს პოლიციაში.