დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქციას მართავენ
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
ისინი ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება.
დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.
როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.
ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხ აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ითხოვს მის გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.