სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მათი აქტივისტის გელა შედანიას სახლში სავარაუდო სროლის ფაქტი გააპროტესტეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში სამოქალაქო აქტივისტის გელა შედანიას საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით სავარაუდოდ, ნათურას ესროლეს. გელა შედანიას მეუღლე სნეჟანა გეგია აცხადებს, რომ საღამოს 22:00 საათზე უცნობმა პირმა ნათურას ესროლა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალბატონის თქმით, მან მალევე დაურეკა მეუღლეს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო კარავში იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან სტიკერების გაკვრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება შედანიების ოჯახში მომხდარ ფაქტს, შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.