კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება
კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, კულტურის ატაშე ალთეა ქოული-მარფი და პოლიტიკური მრჩეველი უილიამ სიბერი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ქვეყნისა და რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენთ. USAID სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი მოქალაქეები იღებენ სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად. ასევე მინდა გამოვყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობა, რომელმაც ჩვენს რეგიონში არაერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დამატებით ათასობით მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მადლობა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის გვერდში დგომისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.