სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული - ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია
დაზიანდა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის, 38 საცხოვრებელი კორპუსისა და ექვსი საბავშვო ბაღის სახურავი, 37 სკოლას შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც გეგუჩიამ აღნიშნა, სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია შემჭიდროებულ ვადებში მოხდება.
„ქარის სიმძლავრემ უკვე იკლო, რაც საშუალებას მოგვცემს აღდგენითი სამუშაოები სწრაფად და ეფექტურად ვაწარმოოთ. ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს შესაბამისი ბრიგადები დილიდან აწარმოებენ და ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოს უკვე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილი გვექნება.
ზარალის დათვლის პროცესი გაგრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზარალს მუნიციპალიტეტები აღწერდნენ. ჯამური პირველადი მონაცემებით, დაზიანდა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის, 38 საცხოვრებელი კორპუსისა და ექვსი საბავშვო ბაღის სახურავი, 37 სკოლას შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემა. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია. წუხელ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება 60-ზე მეტ სოფელს აღუდგა, ამჟამად პრობლემურია 50 სოფელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – განაცხადა გეგუჩიამ.