სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ სტიქიამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საკუთრება დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს
დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან გასულ ღამეს მიყენებულ ზარალზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, გეგუჩიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გარეთ არ გავიდნენ, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომლებიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ, რათა სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარის“ ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს.
გასულ ღამე არ იყოს ჩვენთვის მარტივი, უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რა რაოდენობის ზარალი მოგვაყენა სტიქიამ. სტიქიურმა მოვლენებმა მუნიციპალიტეტებში გამოიწვია სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ორი ამბულატორიის შენობის, ხუთი საბავშვო ბაღის, ხუთი საჯარო სკოლის, სამი საჯარო სკოლის დარბაზისა და 20 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობა. გვიან ღამით აბაშაში, სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში.
მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივმართო, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ. ასევე, თუ ვინმეს სჭირდება ჩვენი დახმარება, დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე“, – განაცხადა გეგუჩიამ.