სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 385, ხოლო საკარანტინო სივრცეში 95 მოქალაქეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 385, ხოლო საკარანტინო სივრცეში 95 მოქალაქეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის რჩება ექვსი პაციენტი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ოთხი ადამიანი ცხელებითა და ხველებით შეიყვანეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოჯახს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი 19 მარტს დაბრუნდნენ თურქეთიდან. პაციენტების ნიმუშები ხვალ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა რეგიონში ერთია და აღნიშნული პირი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ის საავადმყოფოში მოთავსებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცის მეუღლე დღეს გადაიყვანეს კარანტინში. თვითიზოლაციაში რჩება კიდევ ერთი პირი, რომელთანაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ პაციენტს.