სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 83 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ 19“-ზე 83 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. შედეგად, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, გამოიკვლიეს როგორც ცხელების კლინიკების პაციენტები, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები.
გამოკვლეულ პირებს შორის ცხელების ცენტრის მედპერსონალიც იყო.
„ჩვენს ლაბორატორიაში დღეს 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოვიკვლიეთ „კოვიდ 19“-ზე „პისიარ“ ტექნოლოგიით. დინამიკა უცვლელია, სამეგრელოში ამ დრომდე არ ფიქსირდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა. დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. ხვალ ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას ახალ კვლევებზე“, – აცხადებს ლელა ქაჯაია.