სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფებში რეგიონის მასშტაბით 130 ადამიანი შედის. მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა. პირველ ეტაპზე მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს და აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. აღნიშნული ჯგუფები მუნიციპალიტეტებში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.
„რეგიონის მუნიციპალიტეტებში ასევე დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ მუნიციპალიტეტებში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით. (მუნიციპალიტეტების ცხელი ხაზი იხილეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/2vipgLw )
საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას, ბინაზე მიართმევენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.