სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტს საკვები პროდუქტები შეუფერხებლად მიეწოდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ სვანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა ლენჯერში დაფიქსირდა, უმეტესობა ერთი ოჯახის წევრები არიან.
„გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, ჩაკეტილ ზონაში. საუბარია შვიდ გამოვლენილ შემთხვევაზე, რომელთაგან ექვსი არის ერთი ოჯახის წევრი. აღნიშნული ოჯახის სხვა წევრებს ადრე დაუდგინდათ ვირუსი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
თორიას განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტს საკვები პროდუქტები შეუფერხებლად მიეწოდება.
„მოძრაობს სპეციალური ტრანსპორტი, რომელსაც ნებართვა აქვს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მალხაზ თორიას თქმით, ორი დღეა, მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება მესტიაში და კვლევა უკვე ჩაუტარდა 1052 მოქალაქეს.
ტესტირება დღესაც გრძელდება, ადგილზე ეპიდემიოლოგთა ხუთი ჯგუფი მუშაობს. მესტიასა და ლენჯერში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ, მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც.