სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიის სოფელ ლენჯერში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე პირს ჩაუტარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსზე 400-მდე პირს ტესტი ჩაუტარდა. მისივე თქმით, ტესტის პასუხები დილით გახდება ცნობილი.
„სოფელ ლენჯერში ეპიდემიოლოგიური კვლევები დილიდან გაგრძელდება. ტურისტები, რომლებიც ამ დრომდე მესტიის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ, საკარანტინო სივრცეებში უკვე განთავსდნენ“,- განაცხადა ვიბლიანმა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო ზონების მოსაწყობად მესტიის მუნიციპალიტეტში სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება დაიწყო. შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით. აღწერა მესტიის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დღეს დაწესდა.