სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა
ოქსფორდის ლიდერთა სამიტზე, რომელიც განათლების მართვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მედიცინის დარგში გაწეული დამსახურებისათვის, კერძოდ კი, განათლების მართვაში, სამეცნიერო-კვლევით აქტივობაში, თანამედოვე საზოგადოებაში უმაღლესი განათლების როლისა და ეფექტურობის წარმოჩენაში და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიღწევისათვის გაწეული აქტივობისთვის, ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
ოქსფორდის აკადემიური კავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელსაც ევროპის რექტორთა კლუბის წარმომადგენლები, სოკრატეს პრიზის ნომინაციის საბჭოს წევრები და 40 ქვეყნის აკადემიური ელიტა დაესწრო, პროფესოს ზურაბ ვადაჭკორიას ოქსფორდის აკადემიური კავშირის დიპლომი და ტიტულის ყველა ატრიბუტიკა საზეიმოდ გადაეცა.
ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება დაწესდა ოქსფორდში, აკადემიური კავშირის და განათლების მართვის აკადემიის მიერ, ევროპის რექტორთა კლუბის და სოკრატეს საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით. ამ საპატიო ტიტულის მინიჭება ხდება იმ პირებისათვის, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესში, მეცნიერების, კულტურის და განათლების სფეროს ინტეგრაციის პროცესებში. წოდება ენიჭებათ გამოჩენილ მეცნიერებს, გამორჩეულ მასწავლებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ ხელმძღვანელებს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, კულტურის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს.