სამედიცინო საქმიანობის სფეროში არსებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის სფეროში არსებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების ოდენობა იზრდება. ცვლილებების ინიციატორია საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე გამოიწვევს დაჯრიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე (არსებული ჯარიმა 1 000 ლარია); სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობაზე არსებული ჯარიმა 5 000 ლარამდეა და იზრდება 7000 ლარიდან 15 000 ლარამდე; სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე 10 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება 15000 ლარამდე, თუმცა არა უმეტეს – 30 000 ლარის.
ცვლილებებით, ჯარიმები იზრდება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობაზეც. კერძოდ, მოქმედი ჯარიმა არის 200-დან 500 ლარამდე, რომელიც იზრდება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე.
ამასთან, პროექტით, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1000-დან 2 000 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500-დან 3 000 ლარამდე. თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება იურიდიული პირის მიერ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 4 000 ლარამდე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ასევე ცვლილებებით, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.
მთავრობა განმარტავს, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირველადად გამოვლენილი დარღვევის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული სანქცია მინიმალურია. შესაბამისად, განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაშინ როდესაც შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანი სანებართვო პირობა ან სხვა სახის გადაცდომა იყოს სახეზე, მოსამართლე შეზღუდულია, პირველად გამოყენებული სანქციის გათვალისწინებით, გამოიყენოს უფრო მაღალი ან მაქსიმალური სანქცია.
„შესაბამისად, მოსამართლე ადგენს მინიმალურ სანქციას. ასევე, ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია იმდენად დაბალი სანქციები, რომ სანქციების გამოყენება კარგავს პრევენციის ფუნქციას. არსებული სასამართლო პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სანქციები არ შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმეს, შესაბამისად, გამოყენებული სანქციები არ არის სათანადო და ეფექტური, რის გამოც სრულყოფილად ვერ ხერხდება სამართალდარღვევების პრევენცია“, – აღნიშნავს მთავრობა კანონპროექტში.