სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სტამბოლში, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა.
ზურაბ აზარაშვილმა კოლეგებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ორმხრივ შეხვედრებზე აღნიშნა, თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში, 2022 წლის ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა. შედეგად კი, ერთი წლის განმავლობაში, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.
ზურაბ აზარაშვილმა კოლეგებთან ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმებიც განიხილა, მათ შორის – თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება. ორმხრივ შეხვედრებზე ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც ყველა ბენეფიციარს, მომსახურებას, მსოფლიოს წამყვან სამ სხვადასხვა კლინიკაში უფინანსებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის შექმნამდე, რომელზეც უწყება უკვე აქტიურად მუშაობს. შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.