სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის. ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი ოთხი სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, შესწავლილ იქნა სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, სედაციის მიზნით, ფარმაცევტული პროდუქტის – აზოტის ქვეჟანგის გამოყენების და აგრეთვე, სავარაუდო უკანონო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტები. დარღვევა გამოვლინდა ორ სტომატოლოგიურ დაწესებულებაში. ორივე დაწესებულება იყენებდა არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. გარდა ამისა, ორი დაწესებულებიდან ერთ-ერთში ინჰალაციურ ანესთეზიას არ ახორციელებდნენ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და შესაბამისად, გამოიკვეთა უკანონო საექიმო საქმიანობა. აღნიშნულ ფაქტებზე შესაბამისი ოქმები გადაგზავნილია სასამართლოში. გარდა ამისა, უკანონო საექიმო საქმიანობისთვის, სტომატოლოგების საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს“, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.