სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - მეგი ბაქრაძის საქმეზე მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ექთნის საქმეზე მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სააგენტომ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ.
„საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.