სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მისი სახელწოდება „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ იქნება
საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდის სახელწოდება იქნება „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“.
„ეს გუნდი, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან საქმიანობას განაგრძობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. მისი სახელწოდება იქნება „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“. მინდა, გუნდს, მგალობლებს მადლობა ვუთხრა იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი ქართული გალობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში ეწეოდნენ.
მსურს, განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ამ გუნდის, სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელია. ჩვენმა პატრიარქმა დღემდე მოიყვანა ეს გუნდი და ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და ჩვენი კულტურული იდენტობა. მადლობა პატრიარქს და საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. გუნდს მომავალშიც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.