მამა ანდრია ჯაღმაიძე - ძალადობისა და უხამსობის შეზღუდვა უფრო მეტად უნდა დარეგულირდეს
“ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებული მექანიზმები” – ამ თემაზე დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ცენტრში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ჟურნალისტური ქარტიის წევრები, ფსიქოლოგები, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი და რიგითი მოქალაქეები.
მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ონლაინ სივრცეში გაშუქებული ამბების გადმოცემა ასე გამძაფრებულად არ უნდა ხდებოდეს.
“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ გარემოზე, რაც გვაქვს სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ძალიან მძიმე ტრაგედიის მოწმენი გავხდით და არ დარჩენილა საზგადოებაში ფენა, რომელმაც ეს გულთან ახლოს არ მიიტანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რაღაცის შეცვლა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორი საზოგადებრივი აზრის ფორმირებისას, არის სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცე. ჩვენ დავინტერესდით, რა მოდელები არსებობს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ჩვენს სივრცეში საკანონმდებლო დონეზე, კიდევ უფრო მეტად დარეგულირდეს ძალადობისა და უხამსობის შეზღუდვა. ნეგატიური მოდელების ნაცვლად, ახალგაზრდობას უნდა მივაწოდოთ გაცილებით უფრო ზნეობაზე, მორალზე ორიენტირებული მასალა. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ გარკვეული ამბები ისე გაშუქდეს, რომ არ იყოს გამძაფრებულად გადმოცემული”. – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.