სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა [ფოტო-ვიდეო]

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს.

რიტუალი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა. გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.

მსახურების შემდეგ ტაძარში საგალობელი – ღვთისმშობლის დატირება შესრულდა.

დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ, ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.