სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პირველი არხის პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ მონაწილეები დააჯილდოეს
საქართველოს პირველი არხის პროექტ „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში, მონაწილეების დაჯილდოება გრძელდება. პროექტზე მომუშავე ჯგუფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ახალქალაქში, სოფელ კოჩიოსა და კორხში იმყოფებოდა.
ქართული ენის ონლაინოლიმპიადის მონაწილე მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მონაწილეების თქმით, ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადამ მათ ქართული ენის შესწავლის მოტივაცია მისცა.
ქართული ენის ონლაინოლიმპიადა მეორე წელია, ტარდება აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს შორის. პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს აღნიშნული სკოლების მოსწავლეებში.
პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ტარდება ონლაინოლიმპიადა ქართულ ენაში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის, ყოველკვირეული ფეისბუქვიქტორინა და თავისუფალი თემის კონკურსი.