სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც აღმოჩენილი ექსპონატები გამოიფინა. დარბაზი ტექნიკურად განახლდა და აღიჭურვა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემით.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ექსპოზიციის შინაარსობრივი და ტექნოლოგიური განახლება განაპირობა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორჭოსანში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის ზონაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების გამოფენაში ჩართვის აუცილებლობამ.
კერძოდ, მილსადენის მშენებლობის პროცესში მიკვლეული იქნა ნეოლითის ხანის ორჭოსანის ნამოსახლარი. ნამოსახლარზე მოპოვებული მასალების მნიშვნელობის და მათ მიმართ დიდი სამეცნიერო ინტერესის გამო, აუცილებელი გახდა ექსპოზიციაში ასახულიყო საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როდესაც ძლიერდება მესხეთის მოსახლეობის კავშირი შუამდინარეთისა და მახლობელი აღმოსავლეთის კულტურებთან.
ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილია VI-VII საუკუნეების ადრექრისტიანული სარიტუალო ნივთები. დამთვალიერებელი აქვე იხილავს მესხეთის ისტორიის ამსახველ რუკებსა და ტექსტებს, ასევე ვარძიის XII-XIII სს თამარ მეფის ფრესკის ზუსტ ასლს, განახლდა ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენაც. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია არტანუჯის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელიც მუზეუმს დროებით მფლობელობაში გადასცა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.